ვედრების წმინდა გიორგის ეკლესია, თარაქი

ვარაუდით XVI ს-ეს მიაკუთვნებენ (ლ. მელექსეთ-ბეგი, გ.ჩუბინაშვილი) ვედრების წმ.გიორგის ეკლესიას სოფ. თარაქის ზემოთ, ტყეში.  (თარაქი სოფ. მანავის მახლობლადაა და საგარეჯოს რაიონში შედის, ე.ი. ეს გარეკახეთია). ლ. მელექსეთ-ბეგის ცნობით მას ვედრებელას ეძახდნენ ფშაველნი, რომელნიც წელიწადში ერთხელ, საქონლის გადარეკვის დროს გარე-კახეთიდან ცივის მთაზე, ამ ეკლესია მსხვერპლს სწირავდნენ. ეს შენობა გვიჩვენებს, რომ ტრადიციული გეგმების გვერდით, ამ გვიან ხანაში, სპორადულად კახეთშიც ამოტივტივდებოდა ხოლმე ძველი თემების სხვადასხვა ვარიანტი (გავიხსენოთ კულჰალეს ვარიანტები ქართლში – მათ კახეთშიც ვნახავთ უფრო გვიან, აგრეთვე იმერეთსა და ოდიშში croix libre-ის ტიპის პატარა ეკლესიები და სხვ.).

თარაქში შიგნითა ჯვროვანი გეგმა გარედან რვაწახნაგაშია ჩასმული. ჯვრის მკლავთაგან ორი – აღმოსავლეთისა და დასავლეთისა – აფსიდებიანია, დანარჩენი ორი – სწორკუთხა. ცენტრალური კვადრატის გარშემო განლაგებული მკლავების სიღრმე დაახლოებით ერთნაირია, მაგრამ საკურთხევლის აფსიდი მაინც რამდენადმე სჭარბობს სხვებს. გუმბათი უშუალოდ კედლებს ეყრდნობა.

ვედრების წმინდა გიორგის ეკლესია
გეგმა და ჭრილი

გარედან მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ დიაგონალზე მდებარე წახნაგები უფრო დაბალია და ყოველ მათგანში ღრმა ნახევარწრიული, ნახევარგუმბათებით გადახურული, ნიშაა ამოღებული. ნიშები – ისევე, როგორც ეს წინათ იყო – კონსტრუქციულ ფუნქციას ასრულებს და მხატვრულსაც: კედლები შემსუბუქებულია, ფასადებზე კი მკაფიო რიტმული მახვილებია დასმული. გუმბათის ყელი შიგნით მრგვალია, ოთხსარკმლიანი, აფრებზე დამყარებული, გარედან კი, ქვემო კორპუსის მსგავსად, რვაწახნაგა. შენობა აგურისაა კედელ-გუმბათიანად, მხოლოდ კარნიზებია ქვისა. ფასადები მარტივია, რაიმე მორთულობას მოკლებული. მხოლოდ: ოთხ მთავარ წახნაგზე ისრულთაღოვანი ჩაღრმავებაა, გუმბათის ყელს კი, კარნიზის ქვეშ, ლეკალური აგურით გამოყვანილი თაღების მწკრივი მისდევს: ყოველ წახნაგზე ორ-ორი თაღია, მაგრამ მათი „საყრდენი“ შვეული ლილვები, აგრეთვე ლეკალური აგურისა, მხოლოდ წიბოებზეა აყოლებული, წახნაგების შუაში კი ტაღები „დაკიდულია“. აღმოსავლეთის ფასადი დამატებით გამოყოფილია სარკმელის ზემო ჯვრით, რომელიც მაშინდელი ჩვეულებისამებრ, ამოღრმავებითაა გამოყვანილი.

თარაქის ვედრებისას ეკლესია ისეთი ატყორცნილი პროპორციების შენობა არ არის, როგორიც ახალი შუამთის ან გრემის ეკლესიებია. აბსოლუტური ზომებითაც ეს გაცილებით პატარა ნაგებობა (შიგნით სიმაღლე 9 მეტრსაც ვერ აღწევს, გარეთ, გუმბათის პირამიდიანად, 12 მეტრს ოდნავ აღემატება), განსხვავებულია შეფარდებებიც: გუმბათქვეშა სივრცის b:h = 1:2,4 (ახალ შუამთაში 1:3,84); შიგნით გუმბათის დიამეტრი შეეფარდება ეკლესიის საერთო სიმაღლეს, როგორც 1:3,6 (ახალ შუამთაში 1:7). მიუხედავად ამისა, თარაქის ეკლესია სიმსუბუქის, სიკოხტავისა და ელეგანტურობის შთაბეჭდილებას ახდენს. ამას ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, დიაგონალური წახნაგების ნიშებიც – მათი წყალობით სიბრტყეთა ცხოველხატული მოძრაობა იქმნება. გ. ჩუბინაშვილი ხაზს უსვამს ფასადების ფერადოვნებასაც: აქ ორი ტონის აგურია გამოყენებული – ღია ვარდისფერი და მოყავისფრო. ამათ ერთვის მოყვითალო შირიმის ქვემო კარნიზი, მორუხო-მოლურჯო ქვის გუმბათის კარნიზი და მოთეთრო-რუხი დუღაბი, რომლის სქელი ფენები ძალიან თვალსაჩინოა აგურის რიგებს შორის.

ვ. ბერიძე, XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბილისი, 1994 წ

Leave a comment